top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი გოგავა: ხელისუფლებაც რომ წაბორძიკდეს, რისი ნიშნებიც არ შეინიშნება, ხალხი სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევს „მეხუთე კოლონას“

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი გოგავას ინტერვიუ აზერბაიჯანულ რესურსზე: www. Caliber.az

წინა კვირას თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი, მაგრამ ამას ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს მეგობრობის ვიზიტი; ფაქტობრივად, საქართველოში ჩამოსვლისას მან მხოლოდ აშშ-ის მუქარა გააჟღერა თბილისის მიმართ, თუ პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რადიკალურად არ გადაიხედება. როგორი იყო ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტის საერთო დღის წესრიგი იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მის მიღებაზე?

– აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლიბერალურ ოპოზიციასთან, ელიტარულ პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. უცხოელი მაღალი რანგის სტუმრები ტრადიციულად არ ხვდებიან ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. ისინი უფრო კომფორტულად გრძობენ თავს მათ მიერ დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ჯგუფებთან შეხვედრებზე. მათი შემდგომი განცხადებები ეფუძნება ამ ლიბერალურ ჯგუფებს და ამას ქართველი ხალხის პოზიციად ასაღებენ. ეს არის ტექნოლოგია, ანუ საკუთარ თავს ელაპარაკებიან, ქართველი ხალხის აზრი კი იგნორირებულია. რეალურად სოციოლოგია აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ამ კანონის მომხრეა და მხოლოდ 20% უჭერს მხარს ლიბერალურ ძალებს.

დასავლეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი აშკარაა და ის დაკავშირებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უცხოური ცენტრების ინსტრუმენტი გაანეიტრალოს. ეს ინსტრუმენტი შედგება ასობით კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ლიბერალური მედიისგან, 15 პოლიტიკური პარტიისა და ცრუ ელიტისგან, რომლებიც ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს, ხშირ შემთვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ჩვენ არსებითად ვსაუბრობთ „მეხუთე კოლონაზე“.

ბუნებრივია, დასავლეთს არ სურს საქართველოზე გავლენის ბერკეტების დაკარგვა. როგორც ჩანს, ისინი ჯერ კიდევ არ არიან მენტალურად მზად ჩვენს ქვეყანასთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან, თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დასამყარებლად. საქართველო 2004 წლიდან არის სრული გარე კონტროლის ქვეშ და ამის შედეგად ბევრი პრობლემა მიიღო. ეკონომიკური თვალსაზრისით, დასავლეთ-საქართველოს ურთიერთობები სრულად შეესაბამება „მეტროპოლია-კოლონიის“ ურთიერთობის კლასიკურ კონცეფციას. საქართველო მათთვის არის იაფი მუშახელის და ბუნებრივი რესურსების წყარო. აქედან გააქვთ: ოქრო, სპილენძი, მანგანუმი, ხე-ტყე, დიატომიტი, მეტალი, ფერადი ლითონები და სანაცვლოდ ჩვენ ვყიდულობთ სამრეწველო პროდუქციას. ქარხნების აშენება გვეკრძალება და ამისთვის სესხს არ გვაძლევენ.

რა გადაწყვეტილება მიიღო ამ კუთხით მმართველმა პარტიამ?

– საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ფორმატის ურთიერთობების შეწყვეტას და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის გზას დაადგა. ამაში მათ ხალხი მხარს უჭერს და 29 აპრილს 200 000 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა თბილისის ცენტრში გამართულ სრულიად ქართულ შეკრებაზე დასწრებით. მილიონიანი ქალაქისთვის ეს ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია. შედარებისთვის: ქართულმა ოპოზიციამ 11 მაისის აქციაზე მხოლოდ 38 ათასი მხარდამჭერი მიიყვანა.

თავად კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პოლიტიკური ვითარების ესკალაციის მიზეზი გახდა, უნიკალური არ არის. მსგავსი კანონები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, ავსტრალიაში, უნგრეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, ყირგიზეთში. კონფლიქტის არსი ისაა, რომ დასავლეთს არ სურს საქართველოს ტოტალური კონტროლიდან გაშვება. საქართველოში „მეხუთე კოლონას“ გადატრიალების განხორციელების ბრძანება, პრაქტიკულად, მიეცა, მაგრამ იმდენად მარგინალურები არიან, რომ ამ ამოცანის შესრულებას ვერ ახერხებენ.

ამას ობიექტური მიზეზები აქვს – საქართველოში ხელისუფლება ძლიერია, სახელმწიფო სისტემები კარგად მუშაობს. მოსახლეობის უმრავლესობას კი არ სჯერა იმ ცრუ ლოზუნგებისა, რომლებსაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალები ავრცელებენ. ჩვენს ხალხს ესმის, რომ თუ გადატრიალება წარმატებული იქნება, საქართველო აუცილებლად იქნება ჩათრეული რუსეთთან ახალ ომში. ამიტომ, ხელისუფლებაც რომ წაბორძიკდეს, რისი ნიშნებიც არ შეინიშნება, ხალხი სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევს „მეხუთე კოლონას“. ჩვენ არ დავუშვებთ მათ ხელისუფლებაში მოსვლას.

ფაქტობრივად, საქართველო არ ცდილობს შეცვალოს გეოპოლიტიკური მიმართულებები, ჩვენ არ გვინდა ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა. ეს არ არის ანტიდასავლური პროცესი, ეს არის ანტიკოლონიალური აჯანყება. ჩვენ ვასწავლით ევროპას და ყველას ჩვენთან ურთიერთობას თანასწორობის პირობებით, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემით. საქართველო უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც ყველა ვექტორი ღიაა და აქედან არავის მიმართულებით საფრთე არ მიდის. დაახლოებით საუბარია ავსტრიის მოდელზე „ცივი ომის“ დროს.

რა არის ივანიშვილსა და აშშ-ს ხელისუფლებას შორის კონფლიქტის არსი?

– ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი 2 მილიარდი დოლარი დასავლეთს ანდო, დასავლეთის ბანკებში განათავსა და მათ კი პირად სახსრებზე წვდომა გაუყინეს. ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანაში აღიქმება, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეწოლის გზა. ივანიშვილის პოზიცია მკაფიოა: სანამ პარტნიორები გამოიყენებენ შანტაჟის ენას, ის მათ ასეთ პირობებში არ ელაპარაკება. რას ნიშნავს ეს? რომ ის არ არის მზად, გაცვალოს ქვეყნის ინტერესები მის პირად სახსრებზე, რომლებზეც წვდომა გაუყინეს.

რეალურად ის უკვე სანქცირებულია, თუმცა ოფიციალურად არავის გამოუცხადებია. როგორც ჩანს, ფსონები ძალიან მაღალია, რადგან დასავლეთმა ასეთი ზიანი მიაყენა საკუთარ საბანკო სისტემის რეპუტაციას. ეს პროცესი ყველასთვის თვალსაჩინოა და ბევრი მდიდარი ადამიანი უკვე იწყებს საკუთარი თანხების ევროპული ბანკებიდან გამოტანის პროცესს, რათა მომავალში არ გახდეს შანტაჟის და ზეწოლის ობიექტი.

დასავლეთის პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და შექმნან პირობები პრაგმატული დიალოგისთვის. ჩვენ ვაპირებთ ევროპასთან ახალი ურთიერთობების დამყარებას, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს.

დღეს ასეთი რამ არ არსებობს, მხოლოდ ევროპა სარგებლობს. მაგალითად, საქართველოში ევროპის ქვეყნების ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. არავის დაუპატიჟებია, ჩვენს ხელისუფლებისგან თანხმობაც კი არ მოუთხოვიათ, მაგრამ ჩამოვიდნენ. რა დამოკიდებულებაა ეს?! მსგავსი სად ხდება?! გასაგებია, რომ საპროტესტო მუხტის ასაწევად ჩამოვიდნენ. ამიტომ, საქართველო აპირებს ევროპელი პოლიტიკოსების ხელახალ გაწვრთნას. ისინი ამპარტავნები, მედიდურები არიან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებს ისე გვიყურებენ, როგორც ჯუნგლებში მცხოვრებ ტომებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა 3000 წლისაა. ჩვენ გადავურჩით ათეულ იმპერიას და მუდამ ფეხზე ვდგებოდით, ნანგრევებიდან აღვსდგებოდით ხოლმე. ჩვენმა წინაპრებმა ისეთი კულტურული და სულიერი კოდი დაგვიტოვეს, რომ ის ნებისმიერ აბჯარზე უკეთესია. ქართველი ერი დაუმარხცებელია. ერი არის არა მხოლოდ ის, ვინც დღეს არსებობს, არამედ ის, ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება. ერი არის წმინდა, დინამიკური მოძრაობა, რომელიც დროში არსებობს და მას ჰყავს თავისი მფარველები.

საქართველო სულიერი ძალის ადგილია, მაგრამ დასავლეთს ეს არ ესმის, რადგან ევროპა ცივილიზაციურად „ახალგაზრდაა“ და მათ ღმერთს ზურგი შეაქციეს. ჩემი აზრით, დასავლეთს მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და ახალ წესებზე შეთანხმება, სადაც, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტი იქნება გათვალისწინებული. ვისაც ეს პროცესი არ ესმის, უფრო გარკვევით ავხსნი: ჩვენ დავიწყეთ ახალი დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა და ღმერთი ჩვენთანაა!

როგორ ხედავთ აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას ახალი ხედვის ფონზე?

– უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიიდან ყველა გარე მოთამაშე უნდა განვდევნოთ. ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევით მათ მხოლოდ უბედურება მოაქვთ. მხოლოდ სუვერენულ აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს შეუძლია სტაბილური მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში. მე ვარ სამხრეთ კავკასიის ზომიერი ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე, სადაც, ინტეგრალური ეკონომიკური მოდელის პრინციპების მიხედვით, უნდა გაიყოს შრომის, ეკონომიკური ფუნქციები და ერთმანეთს გარანტირებული გასაღების ბაზრით უზრუნველვყოფთ.

პირველ ეტაპზე სამმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, საით მიდის ჩვენი რეგიონი და შევთანხმდნეთ პრინციპებზე. ანუ ვიწყებთ პირველი „სამეულით“. შემდეგ ჩვენ უნდა დავამყაროთ პრაგმატული ურთიერთობები ჩვენს სახმელეთო მეზობლებთან: რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან. ეს უკვე მეორე პარტნიორი ქვეყნების მეორე „სამეულია“ რეგიონში. მესამე ეტაპი კი არის ჩვენი ურთიერთობების დამყარება ძალაუფლების მსოფლიო ცენტრებთან: აშშ, ევროპა, ჩინეთი, ინდოეთი.

შედეგად, 7-8 წელიწადში მივიღებთ ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ეფექტურ მოდელს „3+3+4“ ფორმულით. ჩემი აზრით, მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიებიდან არავის მიმართ საფრთხე არ უნდა მიდიოდეს. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, სამხრეთ კავკასია გახდება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდიდარი რეგიონი მსოფლიოში. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამისთვის.

წყარო: www. Caliber.az

ასევე იხილეთ