top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნაში, სამართლებრივი შენიშვნების ნაცვლად, პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას.

„სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვა განხილვის სივრცე. ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ორი კვირით ადრე, ვიდრე მას ამის ვადა ჰქონდა, ამავდროულად, ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნას ჩვენ კი გავეცნობოდით, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც რაიმე თეორიული შენიშვნების გათვალისწინება. მაგრამ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ბოლოში რომ მიეწერათ – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით. ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც, რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ვნახეთ, რომ აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაში საზოგადოება ამას უკვე მხარს აღარ უჭერს, აღარც კი აქცევენ ყურადღებას. ბოლოს ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, გამჭვირვალე რომ იყოს არასამთავრობო სექტორი, ეს ყოფილა ცუდი და ანტიდემოკრატიული, მაშინ, როდესაც იგივე ევროპის ინსტიტუცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პირდაპირ წერს გადაწყვეტილებაში, რომ არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ამიტომ მისი გამჭვირვალობა საზოგადოების აღმატებული უფლებაა. პირდაპირ წერია ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მეორე ინსტიტუცია, ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული. ამ დონემდე მივიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ