„მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის გაცილებით ამბიციური გუნდები, „ლილი“ და „ლიონი“ იწვევენ, ასევე ინტერესდება „მონაკოც“ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Actu Ligue 1 ავრცელებს.
„მონაკო“ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „ლილი“ მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, ხოლო „ლიონმა“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
„მეცის“ გმირი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში წარმატებით დაბრუნდა. ახლა მისი მომავლის საკითხი მთავარი თემაა – ინტერესს ბევრი კლუბი ავლენს, როგორც საფრანგეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ მიქაუტაძე არ ელოდა, რომ 2023-2024 წლების სეზონის კვლავ ლიგა 1-ში დაასრულებდა. ქართველმა ნიდერლანდებიდან წასვლა გადაწყვიტა, სადაც გუნდს ვერ შეეწყო. „მეცმა“ ფეხბურთელი ექვსთვიანი იჯარით დაიბრუნა და ეს წარმატებული გარიგება იყო, რაც ყველაზე უკეთ ციფრებით გამოიხატება – 20 მატჩში, 13 გოლი.
ახლა ჩნდება კითხვა გიორგი მიქაუტაძის მომავალზე – დაბრუნდება ამსტერდამის „აიაქსში“, რომელთანაც მას ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტი? ის ამჟამად მთლიანად კონცენტრირებულია „მეცთან“ ერთად სეზონის წარმატებით დასრულებაზე, რომელმაც ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის მატჩი უნდა ითამაშოს. როდესაც ეს საკითხი მოგვარდება, მიქაუტაძის საქმე დაჩქარდება. თუ „მეცი“ ლიგა 1-ში დარჩება, კლუბს შეუძლია ისარგებლოს „აიაიქსიდან“ მიქაუტაძის გამოსყიდვის ოფციით – თანხა 13 მილიონი ევროა.
„მეცს“ შეუძლია, მომგებიანი ფინანსური ოპერაცია განახორციელოს, თუ მიქაუტაძეს 13 მილიონ ევროდ შეიძენს და შემდეგ 20-25 მილიონ ევროდ გაყიდის – ლიგა 1-ის ორი კლუბის, „ლიონისა“ და „ლილის“ ინტერესი უკვე მკაფიოდ გაცხადდა.
„მეცი“ პლეი ოფის თამაშებს 30 მაისს და 2 ივნისს ჩაატარებს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრებია კლუბის მომავლისთვის, რომელიც გავლენას მოახდენს მიქაუტაძის საქმეზეც. ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელის შეძენით „მონაკოც“ დაინტერესებულია, მართალია, „ლიონსა“ და „ლილზე“ ნაკლებად, მაგრამ ზაფხულში ტრანსფერისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს“, – წერს ფრანგული გამოცემა.