„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძემ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია თანამოქალაქეებისგან მოისმინეს და ადგილობრივებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.
ასკანაში, მთისპირში, ჭანიეთში, ლიხაურსა და მაკვანეთში ადგილობრივებმა შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მიანიჭეს უპირატესობა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ. მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 086 000 ლარი დაიხარჯება; თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოქალაქეები თავად შეარჩევენ. საკონსულტაციო შეხვედრები ოზურგეთში მიმდინარე წლის 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, იაქტიურონ და ჩაერთონ პროექტების განხილვაში,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.