top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას ეხმიანება. მისი თქმით, ერთი კონგრესმენის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პარტნიორი ქვეყნის მიმართ არ არის სერიოზული. გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა, თუმცა არა სუვერენიტეტის, ტრადიციების შეურაცხყოფის და სარწმუნოების განადგურების ხარჯზე, არამედ იდენტობის შენარჩუნებით.

 „ახლა უკვე ისე არის გაშიშვლებული სურათი, რომ მათ შორის შეერთებული შტატებიდან, უნდა იყოს პირდაპირი გზავნილი. თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერი გაკეთდა და ითქვა. ჩვენ ვამბობთ და აღიარებული არის, მათ შორის, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, რომ საქართველო დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში. ჩვენი ჯარისკაცები NATOს ჯარისკაცებთან ერთად და მათ შორის, შეერთებული შტატების ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიო წესრიგში მონაწილეობდნენ, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დათმეს. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ამერიკას თავისთავად შეეძლო ცალმხრივად ვიზალიბერალიზაციაც, სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაც, პირდაპირი ფრენებიც და არა ახლა, როდესაც ჩვენ დაახლოებით 2 თვის წინ ვთქვით ეს, თუ რატომ არ ხდება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამ დროის განმავლობაში რაიმე ნაბიჯის გადადგმა.

 ერთ კონგრესმენს რომ ათქმევინეს და დააინიცირებინეს კანონპროექტი, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული. ორჯერ იყო დაინიცირებული კანონპროექტი საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებით და ვერც ერთი ბოლოში ვერ გავიდა. ჩვენ წინადადებაც კი არ ვიცით რამდენად სერიოზულია. ასე არასერიოზულად არ უნდა უყურებდე შენს პარტნიორ ქვეყანას. მერე რა, რომ ის პატარაა, სამაგიეროდ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა საქართველო. როდესაც შენ გინდა პარტნიორ ქვეყანად დაიტოვო საქართველო და ჩვენ ეს ნამდვილად გვინდა, ამ შემთხვევაში ერთი კონგრესმენი რომ დააინიცირებს კანონპროექტს, ეს კი არ უნდა შესთავაზო და მაშველ რგოლად გადაუგდო ოპოზიციას, არამედ როცა მიიღებ ამ კანონს და შემდეგ ადმინისტრაცია გამოაცხადებს, ამის მერე შეიძლება გააკეთო კომენტარი. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენი და ვერც ათი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას. მეორეს მხრივ, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვინდა, ამ გზას მუდამ ვტოვებთ ამერიკასთან და ევროკავშირთან, მაგრამ არა სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფის და სარწმუნოების განადგურების ხარჯზე.

 ჩვენ გვინდა ეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით, ისევე როგორც ეს წერია ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში, რომ თვითგამორკვევის უფლება აქვს ყველა ქვეყანას თავისი იდენტობის შენარჩუნებით. ვნახოთ, თუ გავა ეს კანონპროექტი ბოლოში და ოფიციალური წინადადება იქნება. ჩვენ არჩევნებს, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე ჩავატარებთ. თუ იქნება ამერიკიდან ეს ნაბიჯი გადმოდგმული და ოფიციალურად მიღებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვინდა ამერიკასთან, მაგრამ არა სუვერენიტეტის და აქ შავი ფულების ხარჯვის ხარჯზე,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ