top_leaderboard

პრემიერი: როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ნიშნავს, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით

„როდესაც უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როცა ფაქტის კონსტატაცია არ მოგწონს, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში გინდა, ხალხს რაღაც დაუმალო, რაც არასწორია.

„რაც შეეხება ტერმინოლოგიას – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, აქაც სიცრუით იყო გაჯერებული ვენეციის კომისიის დასკვნა, აღებული ჰქონდათ შედარებისთვის ამერიკული კანონი და ამერიკულ კანონთან დაკავშირებითაც ათასი სიცრუე იყო მოყვანილი ვენეციის კომისიის დასკვნაში. შედარების ნაწილშიც უამრავი სიცრუე იყო, მაგალითად იგივე გაიმეორა, რაც თავის დროზე თქვა მეთიუ მილერმა, რომ თითქოს მარტო უცხოური მთავრობის მხრიდან დაფინანსებას ეხება „ფარა“ და ა.შ. მაშინ, როდესაც ყველამ გავიგეთ უკვე, რომ გიული ალასანია არის დარეგისტრირებული, როგორც უცხოური ძალა და ვენეციის კომისიასაც უწერია იგივე ტყუილი, რაც თავის დროზე მეთიუ მილერმა თქვა, რომ თითქოს მხოლოდ უცხოური მთავრობის მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში მოქმედებს „ფარა“, ან ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც არის ასევე დარეგისტრირებული „ფარაში“, როგორც უცხოური ძალა. საბოლოო ჯამში, ერთადერთი შედეგი ამ კანონისა არის ის, რომ იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც შედის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს, თუ ვინ დგას ამა, თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან და იღებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ანუ როგორია უცხოური ძალების გავლენა კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უცხოური ძალა არის ფაქტის კონსტატაცია.

„მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება არის უცხოური ძალა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის სუბიექტისთვის. არა მარტო სახელმწიფო, გიული ალასანიაც არის უცხოური ძალა ამერიკელებისთვის, იმიტომ არის შეტანილი „ფარას“ რეესტრში, ან ტელეკომპანია „ფორმულა“ ასევე არის უცხოური ძალა ამერიკელებისთვის, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. გარედან თუ შემოდის ფული, შესაბამისი სუბიექტი არის უცხოური ძალა, ეს არის ფაქტი, შესაბამისად, ადგილი აქვს ფაქტის კონსტატაციას. რაც შეეხება ინტერესს, ნებისმიერ სახელმძღვანელოში, ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომში, ამაზე დისერტაცია მაქვს დაცული, რომ თუ ფული არის ელემენტარულ კავშირში, პირდაპირ თუ ირიბ კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან, მას ყოველთვის თან სდევს ინტერესები, უკლებლივ ყველა შემთხვევაში. ის, რომ ფულს მოჰყვება უცხოური ძალის ინტერესები, ესეც არის ფაქტის კონსტატაცია. შესაბამისად, როდესაც შენ უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა ისიც, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს, რაც მათ შორის, დოკუმენტურადაც ფორმდება. მაგალითად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს ფულს პირობითად NED-ისგან, ან EED-ისგან, იქ იდება ჩვეულებრივი საგრანტო ხელშეკრულება, სადაც გაწერილია ის, თუ რას უნდა მოხმარდეს ეს თანხები, ანუ პირდაპირაა გაწერილი უცხოური ძალის ინტერესი, რომლის რეალიზებასაც უნდა მოხმარდეს ის თანხა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს. როცა ფაქტის კონსტატაცია არ მოგწონს, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში გინდა, ხალხს რაღაც დაუმალო და ეს არ არის სწორი. სინამდვილეში, NGO-ები არიან სწორედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, იგივე სტანდარტი მათ დამკვიდრებული აქვთ ე.წ „გონგოების“ სახით და ეს NGO-ების და მათი დონორების დამკვიდრებული ტერმინია, რომლითაც ეროვნული მთავრობების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მოიხსენიება.

„მაგალითად ჩვენ, საქართველოს მთავრობამ რომ დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მას NGO-ები და მათი დონორები მყისიერად მიაწებებენ „გონგოს“ იარლიყს, ეს ქართულად ნიშნავს – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას. ამაში დიდი ლოგიკა არის, ვინაიდან როდესაც მთავრობა გამოუყოფს ფულს არასამთავრობო ორგანიზაციას, მთავრობის ინტერესი მიჰყვება იმ თანხას და შესაბამისად, ის ორგანიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია კონკრეტულ სფეროში და ზოგადადაც. ანუ, ეს სტანდარტი უკვე არსებობს. ამიტომ, შენ როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, რაც ჩვენ ისედაც გვაქვს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით და ა.შ.,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ