ირაკლი შოთაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციაზე: ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, ეს არ მიკვირს
„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი”, – ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, “ქრონიკასთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა.
როგორც შოთაძემ განმარტა, შესაძლოა, მისი მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაბამისად, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მის მიერ თანამდებობის დატოვება, შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი სწორი გამოსავალია.
„უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში, მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან, მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში და რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მე მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის, მინდა მათ მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას”, – განუცხადა ირაკლი შოთაძემ „ქრონიკას”.