სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამტყუნდა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოს მიერ
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით იყო აბსოლუტურად სამართლიანი“, – ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” საქართველოს გამარჯვებით დასრულებას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამტყუნდა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოს მიერ.
„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად უსამართლო, რაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ – „გამაოგნებელია, თუ როგორ ცდილობდნენ ამ საქმის გაყალბებას და დამნაშავეთა გამართლებას ერთად სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება“ – აღნიშნავდა მაშინ სტრასბურგის სასამართლო.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება – საქმეზე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ”, რომელმაც კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად სამართლიანი და მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამტყუნდა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.