„ქართულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, კანონიერი გზებით მოიპოვოს ინფორმაცია, რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და ეს ინფორმაცია გაუზიაროს მოსახლეობას”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
რატი ბრეგაძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დაუსვეს კითხვა.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან ბევრი განმარტება გაკეთდა. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებულ უცხოური გავლენების შესახებ და გაუზიაროს ეს საზოგადოებას. საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს სრული უფლება, უფლებამოსილება, აქვს, ლეგალური, კანონიერი გზებით მოპოვებული ჰქონდეს ინფორმაცია, რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და ეს ინფორმაცია გაუზიაროს მოსახლეობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როგორც მთავრობის წევრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აღნიშნული კანონი არ გახდება ბარიერი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც ბრეგაძემ აღნიშნა:
„ვიცი, როგორ ქომაგობდით, მაგალითად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხშირად ისმებოდა კითხვები, რომ არ მიენიჭებოდა სტატუსი, საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ. ყოველთვის გეუბნებოდით, გპასუხობდით, რომ საქართველო უცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასეც მოხდა. ახლაც მინდა, იგივე გაგიმეოროთ – საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე. მჯერა, მათ შორის თქვენთან ერთად, ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.