ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე გაცოცხლდა ეროსი მანჯგალაძის შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა, მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები. მსახიობის ფილმებიდან და სპექტაკლებიდან სიმღერები შეასრულეს „თეატრალურის კვარტეტმა“ და ნეკა სებისკვერაძემ. კონცერტმაისტერი იყო ნინო გულიაშვილი. საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე. საღამო ხელოვანის მშობლიურ სამტრედიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მონაწილეობითა და ბიზნესმენ სერგო რუხაძის მხარდაჭერით გაიმართა.
ეროსი მანჯგალაძე 1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, 1948 წლიდან კი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1980 წლიდან იგი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად.
დიდი მსახიობის მიერ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ივანე მრისხანე (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ლოპესი (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), გვადი (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დათვი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), იური დევიატოვი (ა. გელმანის „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი“), ვანო ფანტიაშვილი (ა. ცაგარლის „ხანუმა“) და სხვა.
ეროსი მანჯგალაძემ არანაკლებ საინტერესო სახეები შექმნა ქართულ კინოში. ბუნებრივი არტისტიზმი, უშუალობა, ტემპერამენტი, ლამაზი ტემბრი, მუსიკალურობა, დახვეწილი იუმორი და ირონია განუმეორებელ მომხიბვლელობას ანიჭებდა მის ეკრანულ სახეებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), სევერიანი („თოჯინები იცინიან“), მღვდელი („ლონდრე“), სამჭკუაშვილი („ქვევრი“), აღა გეურქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ბუმბულა („ნატვრის ხე“), კაკუტა („ყვარყვარე“), დათიკო („ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), გვანჯ აფაქიძე ( „მთვარის მოტაცება“) და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროსი მანჯგალაძის მიერ ფილმების გახმოვანება. მისი ხმით მეტყველებენ ვასილ ჩხაიძის პერსონაჟები ელდარ შენგელაიას ფილმებში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (პიპინია) და „შერეკილები“ (ქრისტეფორე). გაახმოვანა თოჯინური პერსონაჟი თავადი ფანტიაშვილი მარიონეტულ ფილმში „კოჯრის ტყის სიზმრები“ და მრავალი სხვა. ეროსი მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე- და რადიოთეატრის (რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში. მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში: გურამ დოჩანაშვილის „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, რეზო ჭეიშვილის „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“, ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ და სხვ. იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სპორტული კომენტატორი. დაწესებულია ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიები სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისათვის.