საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს ესტუმრა და ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლე, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად, გაეცნო კოლეჯის მუშაობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.
მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და კოლეჯის ხელმძღვანელის, ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ. გაიმართა შეხვედრა კოლეჯის პედაგოგებთან.
კოლეჯის გოგონათა გუნდმა ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნომერი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი ხელმძღვანელის პირობებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი თვის თავზე, თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამუსიკო სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ მათ საჭიროებებსა თუ მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა კოლეჯის პედაგოგებს სხვადასხვა პერიოდში ენთუზიაზმით მუშაობისა და თავდადებული შრომისათვის. სსიპ ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწვლებელი არის 50-წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური სკოლა და საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული, მონოპროფილური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ახალ, მეხუთე დონის მოდულურ პროფესიულ პროგრამებს: პიანისტ-აკომპანიატორი და მუსიკის რეპეტიტორი (მისანიჭებელი კვალიფიკაცია – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში).
კოლეჯი ახორციელებს სკოლისგარეშე სამუსიკო პროგრამებსაც (საფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, სოლო სიმღერა და საგუნდო-სადირიჟორო), რომლებიც სრულად შეესაბამება სამუსიკო თერთმეტწლედების პროგრამებს. გამორჩეული კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსში. განსაკუთრებით წარმატებულია კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური), ოთხი კონკურსის გრან-პრის, რამდენიმე ოქროს მედლისა და სპეციალური პრიზის მფლობელი, რომელიც მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ეროვნულ ღონისძიებაში, საქველმოქმედო საღამოებში და აღიარებულია საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო კოლექტივად.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული კონკურსის – „ინსტრუმენტების განახლება სამუსიკო სასწავლებლებში“ – ფარგლებში გორის სამუსიკო სასწავლებელი 43 660 ლარით დაფინანსდა და Yamaha-ს ფირმის GB1K PE მოდელის როიალი შეიძინა.