თამარ ჩიბურდანიძე: საფრანგეთის სენატმა უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებით სრულად გაამართლა საქართველოს ხელისუფლების ქმედება მსგავსი კანონის მიღებისას
„მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული გამჭვირვალობის კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული, მიზანი ერთი აქვთ – გახადონ გამჭვირვალე უცხოური გავლენები საკუთარ ქვეყნებში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, საფრანგეთის სენატმა უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებით სრულად გაამართლა საქართველოს ხელისუფლების ქმედება მსგავსი კანონის მიღებისას.
„საფრანგეთის სენატში კანონის განხილვისას რამდენიმე გამომსვლელმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომ კანონი არ ეხება ევროკავშირის სახელმწიფოებს. მათი აზრით, კანონი უნდა შეხებოდა ყველას, რადგან მათივე სიტყვებით, „არ არსებობს მეგობარი სახელმწიფო, არსებობს მხოლოდ ინტერესების გამტარი სახელმწიფო“, რაშიც სრულად ვეთანხმებით.
როდესაც ჩვენ ვამბობთ ამას, თავდასხმები მოდის იგივე საერთაშორისო აქტორებისგან, რომლებიც თავს ჩვენს „მეგობრად“ წარმოადგენენ. არადა, ეს კანონი სწორედ რომ სახელმწიფოთა ინტერესებს გამოაჩენს და ამიტომაც არის მისაღები ყველა ქვეყნისთვის.
გვაინტერესებს საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია – საფრანგეთმაც „რუსული კანონი“ მიიღო?
ახლა თუ მაინც ხვდება, რა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა?“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.