leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს, მათ უცხოელ მფარველებს ათწლიანი ნარატივი ხუხულასავით ჩამოენგრათ თავზე

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებული შეტევა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებითა და ცილისწამებით.

„სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, გვემუქრებოდნენ სანქციებით და გვივრცელებდნენ დეზინფორმაციას. იმავდროულად, სააკაშვილს უცხოეთში და მის პარტიას საქართველოში სასათბურე პირობები შეუქმნეს და არც დაფინანსება და მფარველობა მოუკლიათ მათთვის. მას ხვდებოდნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უცხადებდნენ მხარდაჭერას და ამწესებდნენ თანამდებობებზე, გარედან ამართვინებდნენ რადიკალურ ოპოზიციას, ბოლოს კი არჩევნების წინ ფარულად შემოაპარეს საქართველოში.

დღეს იგივე ხალხი, ვინც საზღვარგარეთ „ფრი მიშა“ კამპანია წამოიწყო, ჩართულია კამპანიაში „არა რუსულ კანონს“. იგივე ხალხი ისევ გვივრცელებს დეზინფორმაციას, იგივე ხალხი ისევ გვემუქრება სანქციებით. რა თქმა უნდა, გავა დრო და გაირკვევა, რომ აქაც ტყუილთან და ცილისწამებასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გაირკვევა, რომ არც კანონი იყო რუსული და კამპანიასაც ქვეყნის არაკეთილისმსურველი ძალები აფინანსებდნენ.

„საბედნიეროდ, ადრე თუ გვიან, სიმართლე იმარჯვებს. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათწლიანი კამპანია საქართველოს მართლმსაჯულების წინააღმდეგ კრახით დასრულდა და სამართალმა იზეიმა. ათწლიანი ნარატივი რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მათ უცხოელ მფარველებს ხუხულასავით ჩამოენგრათ თავზე, თანაც არა ჩვენი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ხელით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი რამის გამოა მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რაოდენ საჭირო და აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება, რომ ხალხმა დანამდვილებით იცოდეს ვინ იგონებს და აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა. ეს კამპანიები მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს მიზნად – საქართველოში გათიშულობის, მტრობის, დაპირისპირების შემოტანას და საქართველოს დესტაბილიზაციას.

დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი ათწლიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ