left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე 26 მაისს სწორედ აღმატებული გრძნობით იქნება, რაც ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს და არა რაღაც ვიწრო, გულში ჩადებული ბოღმებით

„იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს [26 მაისს] სწორედ აღმატებული გრძნობით იქნება, რაც ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს და არა რაღაც ვიწრო, გულში ჩადებული ბოღმებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 26 მაისის ღონისძიებამ შესაძლოა პრეზიდენტის გარეშე ჩაიაროს, რადგან სალომე ზურაბიშვილი მიწვეულ სტუმრებს შორის არ არის.

„ღონისძიების ორგანიზატორია თავდაცვის სამინისტრო და ის არის განმსაზღვრელი მის შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოსვლებს, ჩვენ შარშან ვნახეთ ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილი] გამოსვლა, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ამ თანამდებობის ადამიანისთვის ქართული ჯარის წინაშე. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი სალომეს გამოსვლა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებითაც, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ამ თანამდებობაზე მყოფი პირისთვის. ასეთი დღეები აერთიანებს ქართველ ხალხს, რომლის დროსაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე და ვიყურებით წინ. ეს არის დღე [26 მაისი], როდესაც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და არ უნდა დავყოთ არავინ, უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა ის წვრილმანი შურისძიებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ შარშან, მათ შორის 26 მაისის დროს, ქალბატონი სალომეს გამოსვლისას. იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს [26 მაისს] სწორედ აღმატებული გრძნობით იქნება, რაც ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს და არა რაღაც ვიწრო, გულში ჩადებული ბოღმებით. იქ იდგებიან წვევამდელები, რომლებსაც სჭირდებათ მოტივაცია, ამ დღის შესაბამისი გამხნევება, მისალმება და ეს არის ის ტრადიცია, რაც ქართულია, სხვა დანარჩენი არის წვრილმანობა, რომელსაც ქართულთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ