საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, მეჰმეთ ნური ერსოისთან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას“. ეს არის გაგრძელება ანალოგიური პროგრამისა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და რომლის ვადა 2021 წელს ამოიწურა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში – ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საგამომცემლო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი დიანა მალაზონია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი თამარა თევდორაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ კეთილაძე.
შეხვედრაში თურქეთის მხრიდან მონაწილეობდნენ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე გიოქჰან იაზგი, კაბინეტის უფროსი ფათიჰ გურქანი, მინისტრის მრჩეველი ალი ერჯანი, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიოზდე შაჰინი და კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორი ბიროლ ინჯეჯიქოზი.
ორ მთავრობას შორის 2017-2021 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თურქულმა მხარემ 4 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო სახსარი გამოყო, რის შედეგადაც მათი მხრიდან აღდგა იშხანი, თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახლდა და ძეგლის ავთენტიკურობის პრინციპის დაცვით, გამაგრდა ოშკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარხალს. დაწყებულია პროცედურები ტბეთის მოვლა-შენარჩუნების მიზნითაც.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა თურქული მხარის მიერ წინა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო.
პროგრამის განახლება განსაკუთრებული წარმატებაა, ვინაიდან წინა – 2017-2021 წლების პროგრამას ვადა ამოეწურა, მისი განახლების შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი 2021 წლიდან მიმდინარეობდა.