რატი ბრეგაძე: მთელი ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა
„მთელი ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანიები გაიხსენა.
„მე მახსოვს არაერთი დემარში, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისგან, ასევე კამპანია, რომელიც ძალიან კარგად იყო დაფინანსებული, სახელწოდებით “ფრი მიშა”. ასევე მახსოვს კამპანია „გადაიყვანეთ“, „გადმოიყვანეთ“ და ასე შემდეგ. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, მოწამვლა და ასე შემდგომ. ამ ყველაფერს, სამართლებრივადაც კი, მაშინვე გამოეცალა საფუძველი, ხოლო ეს უკვე არის საბოლოო განაჩენი სააკაშვილის მიმართ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს და მთელი ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. ანუ აღარავითარი საფუძველიც კი აღარ გააჩნია მსგავსი ტიპის კამპანიას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
„მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა როგორც დღევანდელ გამარჯვებაში, ასევე სხვა ყველა გამარჯვებაში, და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, დამუნათების, ფაქტობრივად, სახლებში შევარდნის, მათი ოჯახის წევრების დევნის მიუხედავად, პატიოსნად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ამ ადამიანების გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ დღეს საქართველო არის ნამდვილად წელგამართული მთელი მსოფლიოს წინაშე იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ, აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე. ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, არამედ გვყავს მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.