left_sabechdi

რატი ბრეგაძე გამჭვირვალობის კანონზე: როდესაც ძალაში შევა, სამინისტრო გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას იმისთვის, რომ მიღწეული იყოს კანონის მიზანი და საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში

„ისეთ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული, რომელიც იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ამ ყველაფრის მიუხედავად თამამად მიიწევს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის სრული ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ კანონიერი გზით მოიძიოს ინფორმაცია შესახებ, თუ რა ტიპის უცხო ქვეყნის გავლენები არსებობს მის ტერიტორიაზე და მიაწოდოს საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევა, იუსტიციის სამინისტრო გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, იმისთვის რომ მიღწეული იყოს კანონის მიზანი და საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს თუ რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში.

„მინდა მაგალითი მოვიყვანო. თუკი მე მაქვს ბინა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და არ ვაშავებ არაფერს, არცერთ მეზობელს არ ვუქმნი პრობლემას, პირიქით, ვარ კარგი მასპინძელი, რა უფლება აქვს ვინმეს, რომ მე დამასანქციროს და საყვედური გამომიცხადოს იმისთვის, რომ ჩემი სახლის კარს დავუყენო ისეთი საკეტი, რომელიც მე მინდა, ამით მე ხომ ხელს არავის ვუშლი?! დაახლოებით იგივე ამ კანონთან დაკავშირებით – ჩვენ არავის საშინაო საქმეში არ ვერევით, ამ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს კარზე ვაყენებთ საკეტს იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვინ შემოდის, ვინ გადის და ჩვენი ოჯახის წევრები რაც შეიძლება მშვიდად იყვნენ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.

ასევე იხილეთ