left_sabechdi

თეა წულუკიანი: შესაძლებელია ყველანაირი შეფასება, მაგალითად, ისეთი რბილი შეფასება, როგორიც არის წინასწარი შეტყობინება, რომ თუ კანონი იქნება მიღებული, წინასწარ გატყობინებთ, რომ ესა თუ ის საპასუხო უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული

„ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინაშე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება უწევს.

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველანაირი შეფასება, მაგალითად, ისეთი რბილი შეფასება, როგორიც არის წინასწარი შეტყობინება, რომ თუ კანონი იქნება მიღებული, წინასწარ გატყობინებთ, რომ ესა თუ ის საპასუხო უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული. ან შეიძლება, ეს უფრო მწვავედ დავახასიათოთ და წინასწარი შეტყობინება კი არ იყოს, არამედ იყოს გაფრთხილება ან უარესიც – მუქარა. რა სიტყვაც არ უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ, რომ როგორც ევროკავშირის სტრუქტურების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი წარმომადგენლის მხრიდან არის ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ადეკვატურად აღვიქვამთ ამას, სულაც არ მგონია, რომ ვინმე ან განზრახ იტყუება ან უნდა ჩვენი შეშინება, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა სიკეთეს შორის, სამწუხაროდ, არჩევანი უნდა გააკეთოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით სახეზეა ტოტალური შეტევა.

„ვიცნობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია. როცა ასეთი არჩევანის წინაშე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში, ეს კანონი რეალობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ