left_sabechdi

Bloomberg: ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოტოვებს უკრაინის მშვიდობის სამიტს, რადგან კალიფორნიაში საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის ღონისძიებას უნდა დაესწროს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოტოვებს უკრაინის მშვიდობის სამიტს, რადგან კალიფორნიაში საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის ღონისძიებას უნდა დაესწროს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არც ბაიდენი და არც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არ დაესწრებიან შვეიცარიაში 15-16 ივნისისთვის დაგეგმილ მშვიდობის სამიტს.

ჯო ბაიდენი სამხრეთ იტალიაში G7-ის შეხვედრიდან ლოს-ანჯელესში გაფრინდება, სადაც 15 ივნისისთვის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის ღონისძიებაა დაგეგმილი.

ღონისძიებას დაესწრებიან ჯორჯ კლუნი, ჯულია რობერტსი, ბარაკ ობამა, ჯიმი კიმელი.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ასევე ასახავს უფრო ფართო პესიმიზმს კონფერენციის მიმართ, რომლის ორგანიზებასაც შვეიცარია დათანხმდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანას მიმდინარე წლის იანვარში ეწვია.

მიუხედავად ამისა, დაახლოებით 70 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სამიტში გარკვეულ დონეზე, მათ შორის ლიდერები, როგორიცაა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.

ასევე იხილეთ