left_sabechdi

რატი იონათამიშვილი აშშ-ის განცხადებაზე: ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ – ბატონები, ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს

„ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, არავის აქვს უფლება, ქართულ საზოგადოებას შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბროს“, – ასე ეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.

მისი თქმით, სანქციებით საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება.

„ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია. არავის აქვს უფლება, მას შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბროს, მით უმეტეს, მეგობრის სახელით.

სანქცირების საფუძველს როდესაც ვკითხულობდი, მიზეზად დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი „ნაცმოძრაობაზე“ საუბრობს, როდესაც, 9 წლის განმავლობაში, ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში.

სწორედ, ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა, დემოკრატიის სახელით, ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს.

ფაქტია, ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ. პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ – ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ასევე იხილეთ