ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა, პერსონალურად გადაუხადა მადლობა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და საქართველოს დელეგაციას თანამშრომლობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
დამსწრეებს სიტყვით, ასევე, მიმართეს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის 21-ე თავმჯდომარემ, უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერმა, პრეზიდენტის თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა, ჩარლზ ბრაუნმა, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა და სხვა უმაღლესი რანგის პირებმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“ 1994 წელს, გარდაცვლილი ამერიკელი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია “TAPS“, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
წელს, 8 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.