leaderboard_below_slide
left_sabechdi

სანიოლმა კანკავა სიგუათი შეცვალა: პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანა. მას შემდეგ, რაც ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე გუნდს მხოლოდ საგულშემატკივროდ გაჰყვებოდა, ფრანგ სპეციალისტს მის ნაცვლად სხვა ნახევარმცველის გამოძახება მოუწია.

სანიოლმა არჩევანი ბაზელის 18 წლის ფეხბურთელზე გაბრიელ სიგუაზე შეაჩერა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. ვილიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

“ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება”.

ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).

მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი).

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

საქართველოს ნაკრები შეკრებას 28 მაისს ავსტრიაში დაიწყებს. სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს სწორედ საქართველოს სახით ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში – თურქეთს, 22 ივნისს, ჰამბურგში – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2024-ზე 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული, თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი მოწინავე ნაკრები, ასევე 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავა, საიდანაც ისინი პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ასევე იხილეთ