მამუკა მდინარაძე „ლელოზე“: არანაირი ასეთი პარტია არ არსებობს სინამდვილეში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი
„ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ მიღებული 600 კანონიდან ვერც ერთს დაასახელებენ, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე მორგებული არ იყო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მან შალვა პაპუაშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა და მას მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა უწოდა.
„12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში პარლამენტის ჩართულობა გაცილებით დიდი იყო, რადგან რეკომენდაციების შინაარსიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით ისაუბრა დეტალურად შალვა პაპუაშვილმა. მისი გამოსვლა იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა, ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ 40 წუთის განმავლობაში ის შეძლებისდაგვარად ყველა საკითხს შეეხო. მან სწორად მიმოიხილა პარლამენტის მუშაობა, სტატისტიკისა და შინაარსობრივ დონეზე და ასევე, პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა.
რაც შეეხება სტატისტიკას რომ ვეძახით ჩვენ და დემაგოგიის საშუალება ეძლევათ ოპონენტებს – მერე რა, რომ მიიღეთ 600-ზე მეტი კანონი, ხალხის საჭიროება? რომელი იყო ხალხის საჭიროება? – ეს კითხვა რომ არ დაისვას, მოდით, მათ ვკითხოთ და აქედან დავუტოვებ მათ არარიტორიკულ შეკითხვას – ამ 600-ზე მეტი კანონიდან რომელი არ იყო ხალხისა და ქვეყნის საჭიროებაზე მორგებული? ერთი კანონი დაასახელონ, რომელი არ იყო ხალხისა და ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნული 600 კანონიდან ვერც ერთს დაასახელებენ, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე მორგებული არ იყო.