top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: მუქარა, სანქციები, ბრალდებები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია

“წარმოიდგინეთ, გრანტის გამცემმა იცის, რა თანხას და რა მიზნებისთვის გასცემს, გრანტის მიმღებმა – რა გრანტს იღებს და რა მიზნებისთვის, მან კი, ვისაც უნდა მოხმარდეს ეს გრანტი და ფინანსები, არ შეიძლება, საჯაროდ იცოდეს ეს. ასეთი შეუსაბამო ლოგიკის პირობებში სანქციებით მანიპულირება ცოტა არ იყოს ძალიან აშიშვლებს დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად არაკორექტულია, არასწორია, არაპარტნიორულია და წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერ საღ აზრთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „სანქციებთან დაკავშირებით პერსონალურ სიას არ ვაქვეყნებთ, მაგრამ განვაცხადეთ ქმედებები, რაც გვაწუხებს, თუ გსურთ, ჩვენს საზოგადოებაში იყოთ, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა.“

„აქ ალბათ, საქმე უფრო სხვა კუთხით უნდა დავინახოთ, ვიდრე – სია თუ არ გამოქვეყნდა, როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის დასანქცირებული ვინ – არა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უფრო შორს იხედება, ვიდრე შიშველი ემოციებით აპელირება, რომელიც ამ პერიოდში პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა შეუსაბამოა, საკანონმდებლო ორგანოს ასანქცირებდე იმიტომ, რომ იღებს კანონს, რომლის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის მიღწევა. წარმოიდგინეთ, გრანტის გამცემმა იცის, რა თანხას და რა მიზნებისთვის გასცემს, გრანტის მიმღებმა – რა გრანტს იღებს, რა რაოდენობით და რა მიზნებისთვის, ვისაც უნდა მოხმარდეს ეს გრანტი და ფინანსები, მან არ შეიძლება, საჯაროდ იცოდეს ეს. ასეთი შეუსაბამო ლოგიკის პირობებში სანქციებით მანიპულირება ცოტა არ იყოს ძალიან აშიშვლებს დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად არაკორექტულია, არასწორია, არაპარტნიორულია და ელემენტარულად წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერ საღ აზრთან. ამიტომ, რაღაც მიზეზები აქ უნდა ვეძებოთ, ვიდრე – კანონი აძლევს თუ არა საშუალებას, რომ თუ ადამიანი დასანქცირდა ან რომელიმე ორგანიზაცია დასანქცირდა, ის ცნობილი უნდა გახდეს. სხვანაირად როგორ უნდა მიხვდეს დასანქცირებული მესამე პირი ან მესამე იურიდიული პირი, რომ ვიღაც არის დასანქცირებული ან დაუსანქცირებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მუქარა, სანქციები, ბრალდებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია.

ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის გარკვეული იმპულსის მიმცემი და სინამდვილეში ამ კანონპროექტის მნიშვნელობა არ არის ისეთი დიდი მნიშვნელობის, რომ ამას შეეძლო ამხელა გეოპოლიტიკური მასშტაბის ვნებათაღელვა მოჰყოლოდა. ვფიქრობ, ეს მუქარა, სანქციები, ბრალდებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს, კონტრპროდუქტიულია, რადგან ეს არაფერს კარგს არ იძლევა, არც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და არც საერთო ინტერესების განვითარებისათვის. ჩვენ დავინახეთ, როდესაც ამ კანონზე დაიწყო საუბარი, პირველივე დღიდან ამ კანონთან დაკავშირებით რაიმე კონსტრუქციული თანამშრომლობის ან აზრთა გაცვლა-გამოცვლის ნებისმიერი პლატფორმა ჩაკეტეს, მოსპეს პარლამენტშიც, საერთაშორისო ექსპერტების დონეზეც, დიპლომატიურ კორპუსთანაც და ა.შ. მიუხედავად ჩვენი მრავალმხრივი შეთავაზებისა. ვფიქრობ, გავა რაღაც პერიოდი, როდესაც ისევ მოხდება არსებული ვითარების გადაფასება და ისევ დაბრუნება იქითკენ, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ზოგადად მართლაც ხარისხობრივად განვითარების უკეთეს ეტაპზე ავიდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ