უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში, სავაჭრო ობიექტზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება.
“ხარკოვზე ეს თავდასხმა რუსული სიგიჟის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მხოლოდ პუტინისნაირ გიჟებს შეუძლიათ ხალხის ასე ხოცვა და დატერორება ასეთი საზიზღარი გზით. უკვე ცნობილია, რომ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას.
როდესაც ჩვენ ვეუბნებით მსოფლიო ლიდერებს, რომ უკრაინას სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა რეალური გადაწყვეტილების მიღება – მივიღოთ უფლება დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე ეფექტურად, რათა რუსი ტერორისტები ვერც კი მიუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს – ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ მსგავსი ტერორისტული თავდასხმები.
მადლობას ვუხდი ლიდერებს, რომლებიც ნამდვილად გვიჭერენ მხარს, რომლებიც ნამდვილად ხედავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ყოველი გადაწყვეტილება არის სიცოცხლის დაცვისა და გადარჩენის გადაწყვეტილება”, – ამბობს ზელენსკი.
ოკუპანტებმა ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში დღეს, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადგილზე ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.