კახა კახიშვილი: 84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?!
“84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სანქციები დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შენ თვითონ სანქცია დაადო და მერე იმ ადამიანს ელაპარაკო, შენ თვითონ უხერხულ მდგომარეობაში ხარ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა, მათ შორის აშშ-ს ის ადმინისტრაცია რომელიც პასუხისმგებელია საქართველოდან ინფორმაციის მიწოდებაზე პირველი პირებისთვის, გადააფასებს, უფრო რაციონალურ ინფორმაციას მიაწვდის. ეს არის მტკივნეული პროცესი, ჩვენ ამ მტკივნეულ პროცესს გადავიტანთ და უკვე ყველა, საქართველოს სხვანაირად შეხედავს და შეაფასებს, როგორც საერთაშორისო პარტნიორის რანგში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.