26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.