left_sabechdi

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნება

“საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი”,- ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა მიულოცა. ამ წუთებში კი ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საქართველოს ჰიმნს ანსამბლი „დიდგორი“ შეასრულებს, ხოლო საღამოს დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფი „ფრანი“ იმღერებს.

„საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მაცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქში ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ადგილზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და იგეგმება მრავალი თემატური საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა. 

ასევე იხილეთ