top_leaderboard
left_sabechdi

პაატა ნაცვლიშვილი: დღეს 35-ედ აღინიშნა დამოუკიდებააღდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ჰ ო დ ა, 2 6 მ ა ი ს ი 3 5 წ ლ ის წ ი ნ ა თ

ჰოდა, ზუსტად 35 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ ვინც მოესწრო, მათ ხსოვნაში არასოდეს წაიშლება 1989 წლის 26 მაისი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ამ თარიღის ზეიმით აღნიშვნას ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ, რასაც ქართული ეროვნული სულისკვეთების გადამწყვეტი გამოფხიზლება მოჰყვა.

ჰოდა, 1989 წლის 26 მაისს გაზეთ „სამშობლოში“ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გერბი და ფერადი დროშა გამოვაქვეყნეთ. თუ ემიგრანტულ გამოცემებს არ ჩავთვლით, ამ მხრივ „სამშობლო“ პირველი გაზეთი აღმოჩნდა და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემი ინიციატივითა და რედაქტორობით მოხდა.

ჰოდა, გერბთან და დროშასთან ერთად გაზეთში დაბეჭდილია პროფესორ უშანგი სიდამონიძის განმარტებითი წერილი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკა“. აქვე დაბეჭდილია აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ნოტები და ტექსტი, მაშინ პროფესორის, დღეს კი აკადემიკოს იოსებ ჟორდანიას კომენტარით. გარდა ამისა გაზეთის გაშლილ გვერდებზე გამოვაქვეყნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 26 მაისის ნომრიდან გადმობეჭდილი რეპორტაჟი „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება“.
ჰოდა, გაზეთის ის ნომერი სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი: აქ პირველად გამოჩნდა ტერმინი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, რაც ჩემი იდეა იყო და მიხარია, რომ იგი ბოლო 30 წელიწადია, მტკიცედ დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჰოდა, გაზეთის პირველსავე გვერდზე სადღესასწაულო ანშლაგთან, დამოუკიდებელი საქართველოს ფერად დროშასთან, შავ-თეთრ გერბთან თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ნოტებთან და ტექსტთან ერთად გაზეთში გამოვაქვეყნე ცნობილი ისტორიკოსების უშანგ სიდამონიძისა და გურამ ყორანაშვილის მონათხრობი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საერთო სათაურით: „პირველი რესპუბლიკა“.

ჰოდა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ტერმინ „საქართველოს პირველი რესპუბლიკის“ გამოყენების ყველაზე ადრინდელ შემთხვევად მითითებულია გაზეთ „სამშობლოს“ სწორედ ეს – 1989 წლის 26 მაისის ნომერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამომავალი პირველი გაზეთი აღმოჩნდა 1920 წლის შემდეგ, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი დაიბეჭდა.

ჰოდა, თუ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველგან იყიდება საქართველოს დროშები, მაშინ კი, იმ პირველი დღესასწაულისას, ქართული დროშა ცოტას თუ ჰქონდა და დღესასწაულის ბევრ მონაწილეს ჩვენი გაზეთიდან ამოჭრილი დროშა პატარა ჯოხზე წამოეგო და იმას აფრიალებდა მთელი დღე.

ჰოდა, გაზეთ „სამშობლოს“ ის ნომერი თავიდან ჩვეულებრივი ტირაჟით – 450 ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა, მაგრამ ერთ დღეში მთლიანად გაიყიდა და მეორე დღეს – არ ვიცი იყო თუ არა ასეთი შემთხვევა ქართული პრესის ისტორიაში – განმეორებითი ტირაჟიც დავამატეთ, კიდევ 550 ათასი. სულ ერთი მილიონი! ეს სარეკორდო ტირაჟია ქართულ პრესის ისტორიაში. დღეს რომ ყველა ქართული გაზეთის ერთი თვის ყველა ნომრის ყველა ეგზემპლარი შევკრიბოთ, ამდენი არ გამოვა. ხოლო მაშინ ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთი „კომუნისტი“ 800 ათასი ეგზემპლარად გამოდიოდა, „ახალგაზრდა კომუნისტი“ – 700 ათას ეგზემპლარად.

ჰოდა, წინა წელს კი, როცა ჯერ კიდევ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი ვიყავი, 1988 წლის 26 მაისის ნომერში, პირველად 20-იანი წლების შემდეგ ქართულ საბჭოთა პრესაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილეს აღნიშვნა მოვახერხეთ. რუბრიკით „ისტორიის ფურცლები“ დავბეჭდე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ავთანდილ მენთეშაშვილის სტატია ნეიტრალური სათაურით – „70 წლის წინათ…“ და მაშინ წარმოუდგენელი ქვესათაურით – „1918 წლის 26 მაისი ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეა“. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების შედეგად, შეთანხმებული და აწონილ-დაწონილი იყო ცენზურასთან და პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან, რომლებიც იმ წლებში დიდად განსხვავდებოდნენ თავიანთი წინამორბედებისაგან. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ვიბრძოლე იმისათვის, რომ თუ რუბრიკად არა, ქვესათაურად მაინც ყოფილიყო ფრაზა: „26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!“, მაგრამ ამის უფლება – ნურას უკაცრავად! ვერც ის იდეა გავიტენე, რომ სტატიისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი დამერთო, რომლის გამოსახულება სახლში, მამაჩემის ბიბლიოთეკაში შემთხვევით თუ საგანგებოდ გადარჩენილ ძველ ჟურნალში მქონდა ნანახი. ასე იყო თუ ისე, ტექსტში 26 მაისი მოხსენიებული იყო, როგორც დღესასწაული. დღესასწაული დღესასწაულად, მაგრამ ეს იმდროინდელ ქართულ პრესაში ნამდვილი ს ა ს წ ა უ ლ ი იყო.
ჰოდა, დღესასწაული მომავალ წელს დადგა.

ჰოდა, მას შემდეგ 35 წელიწადი გავიდა. დღეს 35-ედ აღინიშნა დამოუკიდებააღდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე პირველი ასეთი დღესასწაულების ერთ-ერთი შემოქმედი და ყველა დანარჩენის მონაწილე ვარ. ჩემი მეორე შვილიშვილი ნიკო კი თავის პირველ 26 მაისს დღეს ჩემთან ერთად შეხვდა.

ასევე იხილეთ