leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ ცნობად მიიღო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილა.

საკითხის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ წინა წლების ტენდენცია ეკონომიკური ზრდის მიმართულებით წელსაც შენარჩუნებულია. მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა  შარშან 7,5% იყო, წელს, პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,8% შეადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა პირველ კვარტალში დაახლოებით 6 მილიარდ 323 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილის 101,4 %-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 100,8 %-ით შესრულდა.  მისივე განმარტებით,  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც კარგია ათვისება.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პირველ კვარტალში ერთ მილიარდ 921 მილიონ ლარზე მეტი საკასო ხარჯია ათვისებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 99,6 პროცენტია, ეს კი წლიური შესრულების 24,5% -ია.

„პროგრამული კუთხით თუ შევხედავთ ბიუჯეტის საკითხს, როგორც სოციალური, ისევე ჯანდაცვის პროგრამების  კუთხითაც, საკმაოდ კარგი შესრულება გვაქვს. სოციალური კუთხით ერთი  მილიარდ 387 მილიონ ლარზე მეტია შესრულება, რაც 99,9%-ს შეადგენს. ჯანდაცვის ნაწილში კი 413 მილიონ ლარზე მეტია ათვისება, ანუ შესრულების მაჩვენებელი 100,6%-ია. ეს მდგომარეობა გვაქვს პირველ კვარტალში. ვფიქრობ, რომ შეფერხება ნაკლებად გვექნება, არა თუ ჯანდაცვის და სოციალური კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც, რაც დაგეგმილია“, –  განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ ცნობად მიიღო.

ასევე იხილეთ