საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წინასწარი შეფასება გააკეთა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 %, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.8 % შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდა იანვარში 5.8 %, ხოლო თებერვალში 9.5 % დაფიქსირდა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1 326.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ აშშ დოლარს.
„2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 22.3%-ს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი (15.4%), რუსეთი (13.2%), ჩინეთი (7.0%) და აშშ (7.0%)“,– განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.