top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე და ლევან ქარუმიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას და განვითარებას უკავშირდება.

„სტუმრებს საქართველოს პროგრესზე ვესაუბრე და ის მიღწევები გავაცანი, რაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის, უსაფრთხოების დაცვის და ეკონომიკური კუთხით აქვს. ვისაუბრეთ გამოწვევებზეც – ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და დეოკუპაცია, რეგიონში არსებული ვითარება, რისკები და საფრთხეები. ვისაუბრეთ შიდაპოლიტიკურ საკითხებზეც. პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციის წევრებმა, შეხვედრაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატებები და ის, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა უსაფრთხოების გამოწვევებს – დადებით შეფასებას იმსახურებს. კოლეგებს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეფორმები და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის სიახლეებიც გავაცანით, რაც თავისუფალი და მაღალი სანდოობის მქონე არჩევნების ჩატარებას უკავშირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოზიტიურია და მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად.

საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 9 ქვეყნას აერთიანებს, ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით საქართველო 2014 წელს შეუერთდა.

 

ასევე იხილეთ