top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყების სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას უძღვებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

“შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკური წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებსა და სამომავლო განვითარების მთავრობისეულ ხედვაზე.

საჯარო მოხელეებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. საუბარი წარიმართა ასევე მთავრობის პოლიტიკურ კურსზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით.

პირველი ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქვეყნის უმაღლეს პირთან საჯარო მოხელეების კომუნიკაციის ასეთი ფორმატი. მისი თქმით, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საჯარო მოხელეებს ქვეყნის პირველ პირთან უშუალო ურთიერთობის დროს საშუალება ეძლევათ, განიხილონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მიიღონ ინფორმაცია მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთა თანამონაწილეებიც თავად არიან.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეორე სამთავრობო უწყებაა, რომლის წარმომადგენლებსაც პრემიერ-მინისტრი შეხვდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ