left_sabechdi

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ესპანეთში ტურნირი მოიგო

საქართველოს 7-კაცამ ბენიდორმის (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირზე ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და შინ ჩემპიონის თასით ხელდამშვენებული ბრუნდება.

მოსამზადებელი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და საქართველომ სამივე თამაში დიდი სხვაობით, ისე მოიგო, რომ თავად ლელოც არ გაუშვია: ‘ჩილესთან’ 40:0, ‘ბელგიელ ბარბაროსებთან’ 45:0 და ‘ვიატორ ბარბაროსებთან’ (ესპანეთი) 36:0.

თასის მეოთხედფინალში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთ აფრიკულ ‘ოლ სთარს’ 17:12 სძლია და ნახევარფინალში ლიეტუვას ნაკრებს შეხვდნენ, პირველ ტაიმში ორი გარდასახული ლელო გაუტანეს და საბოლოოდ 14:5 დაამარცხეს.

ფინალში საქართველოს მასპინძელი კვლავ, ‘ვიატორ ბარბაროსები’ იყვნენ. ამჯერად მათ წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ორი ლელო გაიტანეს, თუმცა ქართველებმა სამი მიითვალეს და 15:12 მოგებით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

„ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მთელს საქართველოს ბენიდორმის ტურნირის მოგებას. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ჩვენი 7-კაცა განვითარების გზაზეა და სულ უფრო ხშირად აღწევს წარმატებებს სხვადასხვა ტურნირებში, რაც კიდევ უფრო დიდი მიღწევების საწინდარია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინ, ამ ტურნირის მოგება გაზრდის მოტივაციას და ხელს შეუწყობს 7-კაცა რაგბის პოპულარიზაციას. დარწმუნებული ვარ ჩვენი 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატშიც წარმატებით იასპარეზებს და ისევ მოიპოვებს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურს“ – აღნიშნა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმათორნიკე გოგებაშვილმა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველო ხორვატიაში, მაკარსკაში, 7-9 ივნისს ა ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, ხორვატია და ირლანდია იქნებიან. ბ ჯგუფში პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო გ ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ.

მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

სერგი ჩხაიძე, რომან მახათაძე, ალექსანდრე ტატიშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი ჯობავა, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით იმნაძე, ლევან ნარიმანიძე, იოსებ გუშარაშვილი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ასევე იხილეთ