left_sabechdi

იტალიური მედია კვარაცხელიაზე: საუკეთესო იყო, სეზონში სული და გული ჩადო

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლა, მხოლოდ ქულა მოიპოვა და ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა – 0:0.

იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერი გააქტიურდა და მეორე ნახევარში „ლეჩეს“ კარს სამჯერ ძალიან მწვავედ შეუტია, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

„ლეჩესთან“ მატჩში სხვებთან შედარებით ყველაზე აქტიური ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც იტალიურმა მედიამაც გამოარჩია.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: „განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურდა: რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. მერეც აგრძელებდა გუნდის დამუხტვას. ერთ-ერთი იშვიათი, ვინც ამ სეზონში სული და გული ჩადო“.

Tuttonapoli – 5 ქულა: „ბევრს მოძრაობს და მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან. დრიბლინგებიც ჰქონდა, მაგრამ მარცხენა ფეხით წარმოუდგენელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა“.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: „შეტევების უმეტესობა ქართველით იწყება, რომელიც ასევე თვითონაც ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, ის ნაპოლის შემტევებიდან საუკეთესო იყო“.

ასევე იხილეთ