left_sabechdi

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს”,-  ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

“ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფში ექსპერტის ფრანსის (Expertise France) ინტეგრირებას და მისთვის ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, როგორითაც სარგებლობს საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე.

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა)“ სასესხო შეთანხმება განიხილეს, რომლის ფარგლებში ბანკის მიერ 46 275 000 ევროს ოდენობის სესხი გამოიყოფა.

პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის, დაფინანსების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სესხი შედგება ორი ტრანშისგან. უკვე შესრულებული ღონისძიებების საფუძველზე, მიმდინარე წელს, 23 137 500 ევრო ჩამოირიცხება, ხოლო მეორე ტრანში კი ჩამოირიცხება მომდევნო წელს.

სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდია 3 წელი.

კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ” შეთანხმების ცვლილებების“ ოქმი წარადგინა.

ცვლილება ითვალისწინებს შესაბამისი მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დასრულების შემდეგ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გადაცემას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირისთვის (ერთობლივი საწარმო), რომელშიც „აზერბაიჯანის რკინიგზის“ და „მარაბდა-კარწახის“ შვილობილ კომპანიებს შორის უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი წილობრივი მონაწილეობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ