left_sabechdi

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განმარტებით, ცვლილებები უშუალოდ თავდაცვის აკადემიას შეეხება. კერძოდ, დღეის მოცემულობით, აკადემიის მაგისტრატურაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობა მხოლოდ ადმინისტრაციული დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ, თუმცა არის პრეცედენტები, როდესაც სწავლის პერიოდში ისინი სამსახურს იცვლიან, რის გამოც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. მისივე განცხადებით, კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვები უქმდება.

„არაადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს საშუალება არ აქვთ თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში ისწავლონ, მაშინ როდესაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ სხვა ახალგაზრდებსაც მივცეთ აკადემიის მაგისტრატურაში სწავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ცვლილებები ორიენტირებულია, რომ მეტი ახალგაზრდა მივიზიდოთ თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში და ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ, მითუმეტეს, როდესაც საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, ინიციატივა ძალიან   საინტერესოა და კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ცვლილებებს.

კომიტეტებში კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

ასევე იხილეთ