მიხეილ სარჯველაძე: „ვეტინგი“ ეს ის არის, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა და ამის შედეგად რა მივიღეთ სასამართლო ხელისუფლებაში, ყველასთვის გასაგებია
„ვეტინგი“ ეს ის არის, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა 2004 წელს საქართველოში და ამის შედეგად რა მივიღეთ სასამართლო ხელისუფლებაში, ყველასთვის გასაგებია. ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ასეთ ინიციატივებს წამოვაყენებთ”, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვეტინგის სისტემის შესახებ განმარტება გააკეთა.
“როგორც არ უნდა შევფუთოთ, როგორც არ უნდა გადავახვიოთ ეს ყველაფერი, ფაქტია, რომ ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი ხელში უნდა აიღოს საკანონმდებლო ან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას დიდი საფრთხე შეიძლება დაემუქროს. კი ვიცით, რომ კონსტიტუციაში, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და საკუთარ კომპოზიციას თავად განსაზღვრავს, მაგრამ მოდით, ამ ერთხელ დავუშვათ კონსტიტუციისგან გადახვევა, ეს მიდგომაც ჩემთვის, როგორც იურისტისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
„ვეტინგის სისტემა“ – ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც მოსამართლეების შემოწმებას და სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს, მმართველი პარტიისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევაა. აცხადებენ, რომ შეთავაზება, რომელიც ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილის სახელს უკავშირდება, მთელ რიგ კითხვებს აჩენს.