„საქმე ეხება უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნები არ იქნებიან კმაყოფილი მათი გავლენის გამჭვირვალობის გამო, მაგრამ თქვენ რომ უცხო ქვეყნების მხარეს დგებით და არა ქართულ მხარეს, ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი. ეს არის, რაც უნდა ესმოდეს ყველა ადამიანს.
,,ეს არის თქვენი დამოუკიდებლობის იდეალი, რომ უცხო ქვეყნების გავლენის ინტერესის მხარეს დგებით? დღეს ამას მისცემთ ხმას, უცხო ქვეყნების გავლენის მხარეს დადგებით.
მგონი, იქით მიდის საქმე, რომ ხვალინდელი დღე რომ გათენდება, მადლობაც გექნებათ სათქმელი, რადგან გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, სურს, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს ქართული გავლენა და არა უცხოური გავლენა. მგონი, საბოლოო ჯამში, ყველას მადლობა გექნებათ სათქმელი, რადგან დღეს თქვენ ნაცვლადაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი. ეს არის, რაც უნდა ესმოდეს ყველა ადამიანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, და ხალხში გასვლა ურჩია, ქართველი ხალხის ინტერესების გასაგებად.
„ბატონო გიორგი, ხალხზე რომ საუბრობთ, გასაგებია, აქციებს აორგანიზებთ და აქციებზე დადიხართ, მაგრამ იქნებ, გახვიდეთ ხალხშიც, ქუჩებში, რეგიონში და ხალხისგან გაიგებთ, რომ მათ სურთ, მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება, ქართველ ხალხს სურს ქართული გავლენა და არა უცხოური. ამას გაიგებთ, როცა თქვენ იკადრებთ და გახვალთ ქუჩაში, ხალხს დაელაპარაკებით, მოივლით რეგიონებს და ჰკითხავთ, სურთ მათ. თქვენს მომხრეებთან საუბრით ნუ იტყუებთ თავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.