„დევიზი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ მრავალსაუკუნოვანი მნიშვნელობის გამოდგა ქართველი ხალხისთვის, ის ღირსეული და თავისუფალი, დამოუკიდებელი ერის, ქართული სახელმწიფოს უცვლელ ფორმულად იქცა. ეს სიტყვები დღესაც, ისევე, როგორც შორეულ 1860 წელს იყო ილიას მიერ ნათქვამი, არ კარგავს აქტუალობას და უფრო მეტიც – კვლავ გაერთიანებისა და გამოღვიძებისკენ უბიძგებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ფრიდონ ინჯია პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოზე – გერბზე წარწერის ცვლილებას ეხება.
„15 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავაჟღერე წინადადება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოზე – გერბზე ცვლილების შესახებ და კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე. ჩემი გამოსვლის შემდეგ 10 დღეზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 26 მაისს გამოსვლისას ორჯერ გაიმეორა ეს დევიზი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ასე ახლობელია ქართველი ხალხისთვის. ეს დევიზი მრავალჯერ გააჟღერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა მერაბ ქვარაიამაც ასევე სიამაყით წარმოთქვა. ჩვენს დიდ მამულიშვილს, ილია ჭავჭავაძეს უთქვამს:
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან – მამული, ენა და სარწმუნოება და ამათ უნდა ვუპატრონოთ. რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ ჩვენს შთამომავლობას“. ამ სიტყვებით დიდმა ილიამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ხალხის გამაერთიანებელი ცნებები – კულტურული და პატრიოტული სიმბოლოები შექმნა, რომლითაც ქართული ეროვნული ცხოვრების გამოღვიძებას დაუდო საფუძველი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
როგორც მან აღნიშნა, მამული, ენა, სარწმუნოება – ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც კრავს საზოგადოებას საქართველოში.
„შესაძლებელია სარწმუნოება სხვადასხვა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 80% მართლმადიდებელია, მაგრამ საზოგადოებას კვლავ შეკრავს ჩვენი მამული, რომელიცსათაყვანებელია იგივე ჩვენი მუსლიმი ძმებისთვის და სხვა რწმენის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ოდითგანვე იყვნენ. ასევე გვაერთიანებს ჩვენი უძველესი ენა – ქართული, რომლითაც ასე ვამაყობთ, თუ ვინმე არის ღირსი, რომ სახელმწიფო გერბზე ეწეროს „მამული, ენა, სა წმუნოება“, ეს სწორედ საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხია თავისი ისტორიით, მამულისა და უფლისადმი სიყვარულით და თავდადებით“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა.
ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს მიმართა, პარტიული შეხედულების მიუხედავად, გაიზიარონ მისი წინადადება გერბზე წარწერის შეცვლის თაობაზე და მხარი დაუჭირონ საკითხის გადაწყვეტას.
„მანამ, სანამ დედამიწაზე იარსებებს საქართველო, ამ სიტყვებს, მათში ჩადებულ აზრს ალტერნატივა არა აქვს. მივიღოთ ეს ცვლილება. ამასვე ვთხოვ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა მამულისთვის. მან ამ ბოლო პერიოდში გადაარჩინა მამული ომისა და გაჩანაგებისგან, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. უდიდესია მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მარტო სამების ტაძარი რად ღირს, რომელიც მან ააშენა და სადაც ამ დღეებში ათეულობით ათასი მორწმუნე ზეიმობდა ოჯახის სიწმინდის დღეებს, ასევე ვთხოვ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რომ კანონის მიღების შემდეგ აკურთხოს საქართველოს გერბი. ვთხოვ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.