“უცხოელი აქტორების განცხადებებმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩახშობილიყო საქართველოში დემოკრატიული დისკუსიის პროცესი და აზრების გაცვლის ნაცვლად გვქონოდა ემოციური პროტესტი”, – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„თავისთავად უცნაური და არასწორი იყო ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ ორი თვის განმავლობაში, რომელიც აშკარად გადაჭარბებული იყო და ერთადერთ რამეს უწყობდა ხელს, რომ წაეხალისებინა აქ უფრო ემოციები ნაცვლად საღი და რაციონალური მსჯელობისა. მათ შორის, უცხოელი აქტორების განცხადებებმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩახშობილიყო საქართველოში დემოკრატიული დისკუსიის პროცესი და აზრების გაცვლის ნაცვლად გვქონოდა ემოციური პროტესტი, რომელიც რიგ შემთხვევაში გადადიოდა ძალადობაში, მათ შორის პარლამენტზე შტურმში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელ აქტორებს არ გამოუთქვამთ გამჭვირვალობისთვის მზაობა.
„სამწუხაროა, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ამდენი აქტორი გამოეხმაურა სხვადასხვა დონეზე ამ კანონპროექტს, რატომღაც მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში და არც ერთმა უცხოელმა აქტორმა არ გამოთქვა მზაობა, რომ იყოს გამჭვირვალე თავად ქართველი ხალხის წინაშე. არადა დღეს საქართველოში ფარულად იხარჯება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფული ისე, რომ რიგ შემთხვევებში ის მიდის კანონის გვერდის ავლით და კონსტიტუციის დარღვევით პოლიტიკური პარტიების სალაროებში და ეს ფული ფარულად იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე. არც ერთ აქტორს – არც ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელს, არც შეერთებული შტატების სხვადასხვა ფონდს ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდათ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ისინი მზად არიან თავად იყვნენ გამჭვირვალენი. ეს გახლავთ საერთაშორისო ვალდებულება ყველა დონორისა და მინიმალური სტანდარტი კეთილსინდისიერების. ამიტომ სამწუხაროა, ჩვენ რაც ვიხილეთ ამ ორი თვის განმავლობაში – არაგულწრფელი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რიგ შემთხვევაში ქედმაღლური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომ თითქოს, რაღაც არასრულფასოვანი ხალხი ვართ და ის, რა გამოწვევას აქვს სხვას, ჩვენთვის თითქოს გამოწვევა არ უნდა იყოს და სხვა თუ ზრუნავს უცხოური გავლენის საკითხების რეგულირებაზე, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება, რომ უცხოური გავლენის საკითხები მოვაწესრიგოთ საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.