left_sabechdi

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ცვლილებები თავდაცვის აკადემიას შეეხება და მისი მიზანია აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდა.

„აკადემიაში მაგისტრატურაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარდგენილი პირები სწავლობდნენ. ამ კანონის თანახმად, ეს წრე ფართოვდება. კვალიფიციური კადრების მომზადებას რომ ხელი შევუწყოთ, მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, სწავლა გააგრძელონ თავდაცვის აკადემიაში“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ასევე იხილეთ