ირაკლი კირცხალიამ გიორგი მსხილაძეს: როგორ შეძლება, სანქცირებული აქტივები 21-ე საუკუნეში, ჩვენს საგადასახადო და საბანკო სისტემაში შემოვიდეს? ამხელა ტყუილი, უტიფრობა და საზოგადოებისთვის თავლებში ნაცრის შეყრა როგორ შეგიძლიათ?
“ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პასუხიც ვერ მივიღეთ – აქ იყო აპელირება და პოპულისტური განცხადებები, რომ ეს ეხება დასანქცირებულ ფულს, ეს იქნება შავი ფულის, შავი აქტივების და დასანქცირებული აქტივების გათეთრება. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ნებისმიერი განხრით, პირველი კურსის სტუდენტსაც კი გაეცინება, როდესაც ამხელა ინსტიტუციის წარმომადგენელი გამოდიხართ და ამას საუბრობთ”, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, მარტივი კითხვა დაისვა, თუ როგორ შეიძლება სანქცირებული აქტივები ქართულ საგადასახადო სისტემაში მოხვდეს 21-ე საუკუნეში. მისი თქმით, ამ თემით ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, მაგალითად, რომან გოცირიძე, რომლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდი ყველას ახსოვს, ხალხს ატყუებს, რომ კანონის მეშვეობით ქვეყანაში სანქცირებული აქტივები შემოვა.
“მარტივი კითხვა დაისვა: როგორ შეძლება, რომ სანქცირებული აქტივები, 21-ე საუკუნეში, ჩვენს საგადასახადო და საბანკო სისტემაში შემოვიდეს საქართველოში? – ამხელა სიცრუე, ამხელა ტყუილი, უტიფრობა და საზოგადოებისთვის თავლებში ნაცრის შეყრა როგორ შეგიძლიათ? მე გულწრფელად შემოვდივარ თქვენს მდგომარეობაში.
ახლა, მივმართავ ბატონ რომანს: რომ აღელდება, მერე აქვს წამოცდენები და აქ კარგად ახსენა, რომ შევარდნაძის დროს კანონები იყიდებოდაო და იქიდან ვკითხეთ კიდევაც უმიკროფონოდ, რამდენი კანონი აქვს მას გაყიდული, საინტერესოა და იქნებ გააკეთოს რეესტრი ვის მოარგო ეს კანონები. ესე იგი მის პათოსში ზის ეს ყველაფერი, ვერ გამოვიდა ჯერ კიდევ მაგ პათოსიდან, გამოდის აქ უტიფრად ამხელა ადამიანი, სულ ხაზს ვუსვამ რომ მის ასაკს პატივს ვცემ და ზოგადად, ჩვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ვართ, რომლებიც ასაკს, ოჯახს, ურთიერთობებს და კოლეგიალობას მათგან განსხვავებით პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. გამოდის ამხელა კაცი და საზოგადოებას უტიფრად ატყუებს, კაცი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ყველას კარგად გვახსოვს მისი სამარცხვინო პრეზიდენტობის პერიოდი, მაგრამ გამოდის და უტიფრად ეუბნება ხალხს, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია, რომ შავი ფული გათეთრდეს, გაირეცხოს და სანქცირებული აქტივები შემოვიდეს – არა, მეგობრებო”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.