left_sabechdi

თურქი ჟურნალისტი: კარგია, რომ ევროპირველობას საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ – სუსტ მეტოქესთან დაწყება ყოველთვის პლუსია

ცნობილი თურქი ჟურნალისტი მურატ აკდაგი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის ნაკრებს გაუმართლა, რადგანაც ევრო 2024-ს სუსტ საქართველოსთან თამაშით იწყებს და 3 ქულის აღება ძალიან რეალურია.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. იმის პოტენციალიც გვაქვს, რომ საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოვხვდეთ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ თურქი ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდებიან. ისიც ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარია. კარგია, რომ ევროპირველობას საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ. ასეთი დიდი დონის ტურნირებზე ჯგუფური ეტაპის შედარებით სუსტ მეტოქესთან დაწყება ყოველთვის პლუსია. 3 ქულის აღება ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში გადაგვიყვანს”.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიის ქალაქებში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები კი F ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალია და ჩეხეთიც იქნებიან. საქართველო თურქეთს 18 ივნისს დორტმუნდში დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი, 26 ივნისს, გელზენკირხენში, ვილი სანიოლის გუნდი პორტუგალიას შეხვდება.

ასევე იხილეთ