ირაკლი კობახიძე: ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებები და რეზოლუციები შეწყდა, შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს ასეთ საკითხებზე რეაგირება, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე
„თავის დროზე იყო ასეთი ვითარება – იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც რეაგირება გვიწევდა. გვქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებები, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული ნეგატიური განცხადება და სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს ასეთ საკითხებზე რეაგირება, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც იქნება სამართლიანი, კონსტრუქციული მიდგომა, იქ ბუნებრივია ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოს და ევროკავშირს შორის. მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღე ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური“, – განაცხადა პრემიერმა.