ოთარ შამუგია: საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ვისაუბრე
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული სამუშაოს ანგარიში და მიღწეული შედეგები ოთარ შამუგიამ წარუდგინა. მინისტრმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა.
ოთარ შამუგია სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამინისტრო, ერთი მხრივ, გააგრძელებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებების გათვალისწინებით, მოამზადებს და აამოქმედებს ახალ პროგრამებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას.
დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება; აქცენტი გაკეთდება ტყის აღდგენის სამუშაოებზე, განსაკუთრებით ჭალის ტყეებისა და უნიკალური ეკოსისტემების მოვლა-აღდგენაზე; დამტკიცდება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, რომელთა მიზანია საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და შესრულება; გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება; გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა; გაფართოვდება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას; მეტად დაჩქარდება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს დამატებით 16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.
ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა მთავრობის გუნდს, საქართველოს პარლამენტს, მათ შორის განსაკუთრებით გამოყო აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები, აქტიური თანამშრომლობისთვის.
„მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მადლობა დარგობრივ ასოციაციებს, ფერმერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ვისაუბრე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.