left_sabechdi

ComCom-მა სამცხე-ჯავახეთში მოსწავლეები, მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში, გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ გუგულაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მოსწავლეებს კონკურსის პირობები, საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები გააცნეს.

სემინარების ფარგლებში, მოსწავლეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და  XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

ასევე იხილეთ