leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან

“ჩვენი ხედვები არის მკაფიო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზე სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 

„შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

 რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული  პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. 

რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. 

რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. 

ასევე, თქვენ იცით, რომ  გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა ეს პირდაპირი ფრენები კოვიდის შემდეგ ძალიან მალევე, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, ალბათ უკვე მე-8 წელია  უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან გვქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან. დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი საკითხი, არამედ ორმხრივი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის  ნათელი. ჩვენ გვინდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის  განვითარება“, –  განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ