left_sabechdi

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო ბაზის დახვეწამ სააგენტოს საქმიანობა ეფექტური და ქმედითი გახადა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი და 2022 წელს სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქცია დაემატა. სააგენტოში ამუშავდა შესაბამისი დეპარტამენტი და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.

ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კონკურენციის, ანტიდემპინგური, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების თუ საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებით.

„გასულ წელს სააგენტოს რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიცვალა სამსახურის დებულება და სტრუქტურა, რამაც უწყება კიდევ უფრო მოქნილი გახადა. ჩამოყალიბდა სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი და ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტი. ვნერგავთ მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, ჩამოყალიბდა სასწავლო კვლევითი ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ  კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ მომხმარებელთან მეტი ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა ბევრი საკითხის პრევენცია შევძლოთ და უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად იოლი იყოს ჩვენს უწყებასთან მომართვიანობა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ანგარიშის თანახმად,  მომხმარებელთა დაცვის ფუნქცია სააგენტოს 2022 წლის ნოემბრიდან დაემატა. იმავე წელს მომხმარებელთაგან 88 განაცხადი შევიდა სააგენტოში,  2023 წელს კი ეს რიცხვი 500-ზე მეტია,  საიდანაც  პრობლემური საკითხები ძირითადად ეხება ონლაინ ვაჭრობას (65%,).

„მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს. მომართვების უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი იბრუნებს თანხას, ცვლის ნივთს, საჭიროების შემთხვევაში, ხდება შეკეთება ან კომპენსირება, მოვაჭრე კი ასწორებს საკუთარ პოლიტიკას ისე, რომ მომავალში დარღვევის რისკი ნაკლები იყოს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა – საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დადგენილია დარღვევა.  მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ შემთხვევაში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იყო დადგენილი.

მისივე თქმით, ამჟამად სააგენტო ახორციელებს  თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის, თხილის  და ასევე რითეილის ბაზრების მონიტორინგს.

ანგარიშში წარმოდგენილია გაწეული საქმიანობისა და მიღებული შედეგების თაობაზე მონაცემები.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ანგარიშები. კომიტეტის რეკომენდაციები აისახება დასკვნაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ასევე იხილეთ