left_sabechdi

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტით, განიმარტება ტერმინი -საფუძვლიანი ეჭვი.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნული ტერმინი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საფუძვლიანი ეჭვი – ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება და ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა.

კანონპროექტით, საეჭვო და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმები დადგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, განისაზღვრება, რომ ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება მოახდინოს პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის განხორციელებულ გარიგებებთან ურთიერთდაკავშირება. გარდა ამისა, კანონპროექტით ახლებურად მოწესრიგდება, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლესთან, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემასთან, მაღალი რისკის იურისდიქციასთან და გადაზღვევის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე იხილეთ